დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მილიარდერი სკოტ ბესენტი წარადგინა

სკოტ ბესენტი

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მილიარდერი ინვესტორი სკოტ ბესენტი წარადგინა. ტრამპმა ბესენტს "მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი და გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგი" უწოდა. 

"სკოტი მხარს დაუჭერს ჩემს რეფორმებს, რაც აშშ-ს კონკურენტუნარიანობას გაზრდის და არასამართლიან სავაჭრო დისბალანსს შეაჩერებს. იგი იმუშავებს, რომ შექმნას ეკონომიკა, რომელიც ზრდას წინა პლანზე დააყენებს, განსაკუთრებით, ჩვენი სამომავლო მსოფლიო ენერგეტიკის დომინირების გზით". - განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ ბესენტი "კვლავ დაუბრუნებს ამერიკას სიმდიდრეს".

62 წლის ბესენტი იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ამავე უნივერსიტეტში რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკას ასწავლიდა. 

ბესენტი ჯორჯ სოროსის Soros Fund Management-ში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი იყო და მილიარდერის პორტფოლიოს განაგებდა. ამ პოზიციაზე ბესენტი 2011-2015 წლებში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ბესენტი მილიარდობით ღირებულების ინვესტიციებს ზედამხედველობდა და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ფონდის ფინანსური სტრატეგიების დასახვასა და მიღწევაში. 

2015 წელს ბესენტმა სოროსის ფონდი დატოვა და საკუთარი ჰეჯ-ფონდი (Hedge Fund) - Key Square Group დააარსა. ამჟამად ბესენტი აგრძელებს საკუთარი ფონდის ხელმძღვანელობას, რომელიც მაკროეკონომიკური ინვესტირების სტრატეგიებზე ფოკუსირდება. 

ბესენტის პასუხისმგებლობა აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური დაპირებების ზედამხედველობა იქნება, მათ შორის, გადასახადების მკვეთრი შემცირება და, ამასთანავე, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში სტაბილურობის შენარჩუნება. 

"ჰეჯ-ფონდის მენეჯერის ეკონომიკური ფილოსოფია მიზნად ისახავს ტრადიციული თავისუფალი ბაზრის კონსერვატიზმისა და ტრამპის პოპულიზმის შეერთებას". - წერს გამოცემა Financial Times. 

ბესენტს ხშირად დაუცავს ტრამპის მუქარები ტარიფების გაზრდის შესახებ იმ ბრალდებების წინააღმდეგ, რომ ტრამპის ტარიფები აშშ-ს ურთიერთობას მოკავშირეებთან გააუარესებდა და ამერიკელი მომხმარებლისთვის ფასების დონეს გაზრდიდა. ბესენტის თქმით, ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებული მუქარები ხელსაწყოა სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის და მთავრობის შემოსავლის გაზრდის გზაა. 

Financial Times-თან ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში ბესენტმა ტრამპის ტარიფებს "მაქსიმალისტური" მუქარა უწოდა, რომელსაც სავაჭრო პარტნიორებთან რეალური მოლაპარაკებების დროს ასეთივე სახე აღარ ექნებოდა.

ბესენტმა ასევე უარყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დოლარს გააუფასურებდა. 

"ჩემი ზოგადი ხედვა არის ის, რომ დღის ბოლოს, [ტრამპი] თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერია. [მუქარები] არის ესკალაცია დეესკალაციისთვის". - უთხრა ბესენტმა გამოცემას.

ბესენტი პასუხისმგებელი იქნება მომავალი ადმინისტრაციის სანქციათა პოლიტიკის წარმართვაზე, მათ შორის, რუსეთზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებულ ეკონომიკურ შეზღუდვებზე. 

ბესენტი თანამდებობაზე ხაზინის მოქმედ მდივანს ბაიდენის ადმინისტრაციიდან - ჯანეტ იელენს ჩაანაცვლებს. მას კონგრესი აირჩევს, რომელსაც აშშ-ს 5 ნოემბრის შედეგებით, შემდეგი წლიდან რესპუბლიკელები (53-47-ზე) გააკონტროლებენ. 

რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ

კომენტარები