სომხეთმა და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება დადეს. დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს.
ხელის მოწერის ცერემონია აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში შედგა.
ცერემონიაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება სომხეთისა და აშშ-ს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია.
"ჩვენ ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. ეს კომისია სამუშაო ჩარჩოს მოგვცემს, რათა გავაფართოვოთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა მრავალ საკვანძო სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სამართლიანობის, ინკლუზიისა და კომუნიკაციის საკითხებში". - განაცხადა ბლინკენმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ბოლო წლებში აშშ-სა და სომხეთის ურთიერთობები, საზიარო ღირებულებებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
"სომხეთისა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარტერი მყარ საფუძველს აძლევს და ხდის ჩვენს თანამშრომლობას უფრო ამბიციურს. ის ფარას მრავალ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, ეკონომიკური და ენერგო კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციების გაუმჯობესებას, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას". - განაცხადა მირზოიანმა.
აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ პირველად 2023 წლის ივნისში გამოცხადდა.
პარალელურად, საქართველოს პარლამენტში მმართველი ქართული ოცნების პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესება მოჰყვა. კანონის მიღებამდე ჯეიმს ო'ბრაიენი ამბობდა, რომ "თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობითა და დავინახავთ დემოკრატიის უგულებელყოფასა და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ ვიხილავთ შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან". ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ საქართველოსთან მიმართ "ყველანაირ თანამშრომლობას გადახედავდა".
მოგვიანებით, 30 ნოემბერს აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
აშშ-ს სახდეპის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.
ამასთანავე, კონგრესში წარდგენილია რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ MEGOBARI აქტი, რომელსაც უკვე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ხოლო ჰელსინკის კომისიის თქმით, კონგრესში MEGOBARI აქტის მიმართ "მომენტუმი იზრდება".