აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

რა ვიცით ოცნებისთვის დაწესებულ სანქციებსა და სანქცირებულ პირებზე?

მეთიუ მილერი
AP Photo

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა 6 ივნისს ბრიფინგის დაწყების დროს გამოაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ სავიზო სანქციების პირველი ნაწილი მიიღეს.

რა ვიცით სანქციების შესახებ ამ დროისთვის?

ვის შეეხოთ სანქციები?

პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ვინც თავს ესხმოდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, აშინებდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და საქართველოს მთავრობის მითითებით ავრცელებდა დეზინფორმაციას.

პირველი სანქციების პირველი ნაწილი შეეხოთ ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს.

რამდენ ადამიანს დაუწესდა სანქცია?

სანქციების პირველი ტალღა 20-30 პირს შეეხო.

რა სახის შეზღუდვა დაწესდა?

შეზღუდვა სამოგაზურო სახის არის, ანუ პირებს, რომლებსაც ეს სანქცია შეეხოთ აშშ-ში მოგზაურობა არ შეეძლებათ, რადგან მათ ვიზას არ მიანიჭებენ.

ეს შეზღუდვა გათვალისწინებულია აშშ-ს იმიგრაციისა და ეროვნების აქტის "საგარეო პოლიტიკის არასასურველი შედეგების" ნაწილით და წესდება მისი 212(a)(3)(C) პუნქტის შესაბამისად. ეს პუნქტი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, აძლევს შესაძლებლობას, რომ აკრძალოს ქვეყანაში კონკრეტული პირების შესვლა.

"(U) INA 212(a)(3)(C) სახელმწიფო მდივანს უფლებას აძლევს გარკვეულ გარემოებებში გამორიცხოს ნებისმიერი განმცხადებელი, რომლის შესვლას ან შემოთავაზებულ საქმიანობას შეერთებულ შტატებში ექნება პოტენციურად სერიოზული უარყოფითი საგარეო პოლიტიკური შედეგები შეერთებული შტატებისთვის." – წერია ამ პუნქტში.

გავიგებთ თუ არა სანქცირებულთა ვინაობას?

აშშ სავიზო სანქციების სამიზნეების ვინაობას არ გაასაჯაროებს.

მეთიუ მილერმა ხაზი გაუსვა, რომ იმ პირთა სია, ვისაც სავიზო სანქციები დაუწესდა, კონფიდენციალურია და კონკრეტულ ვინაობას გავიგებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი აშშ-ში ჩასვლას ეცდება. მსგავსი შეზღუდვების გასაჯაროება ფედერალური კანონით აკრძალული რომ არის მილერმა აქამდეც ახსენა.

თუმცა, თუ მომავალში კონკრეტული პირების მიმართ ფინანსურ სანქციებს ვიხილავთ, შესაბამისი პირების სიას აშშ-ს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი გამოაქვეყნებს.

რას ნიშნავს სანქციების პოლიტიკა?

სანქციების პოლიტიკა არის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამოქმედო ჩარჩო, რომელშიც გაწერილია რა აკმაყოფილებს სანქციების დაწესების კრიტერიუმებს და რა სახის შეზღუდვები იქნება მიღებული კონკრეტული ქმედების პასუხად.

აშშ-მ ვიზებზე სანქციების პოლიტიკა ქართული ოცნებისა და საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი კონკრეტული პირების მიმართ 24 მაისს მიიღო.

კიდევ რა ზომები შეიძლება მიიღოს აშშ-მ?

როგორც მეთიუ მილერმა აღნიშნა, ეს სავიზო სანქციების მხოლოდ პირველი ტალღაა და მზად არიან მორიგი ნაბიჯების გადასადგმელად. მას არ დაუსახელებია, თუ კიდევ რამდენი მსგავსი ტალღაა მოსალოდნელი.

სავიზო სანქციების გარდა, 24 მაისის განცხადების მიხედვით, ამჟამად მიმდინარეობს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობის ძირეული გადახედვაც, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დაახლოებით 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას, რომელსაც ვაშნგტონი თბილისისთვის ყოველწლიურად გამოჰყოფდა.

კომენტარები