აშშ-სომხეთი

დღეს აშშ და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელს მოაწერენ

https://hetq.am/

დღეს, 14 იანვარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ანი ბადალიანი ავრცელებს.

ბადალიანის ცნობით, აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სომხეთის დროით საღამოს 10 საათზე გაფორმდება. მისივე თქმით, ხელმოწერას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გააშუქებს 

14-15 იანვარს მირზოიანი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და აშშ-ში კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. 

მანამდე, მირზოიანმა აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შესახებ 8 იანვარს ისაუბრა

"ჩვენ გვაქვს სტრატეგიული დიალოგი, რომელზეც სტრატეგიული ურთიერთობის დაწინაურების მიზნით შევთანხმდით. ამის შესახებ დოკუმენტი ან დოკუმენტები ნამდვილად განიხილება". - თქვა მირზოიანმა. 

აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ პირველად 2023 წლის ივნისში გამოცხადდა. 

პარალელურად, საქართველოს პარლამენტში მმართველი ქართული ოცნების პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესება მოჰყვა. კანონის მიღებამდე ჯეიმს ო'ბრაიენი ამბობდა, რომ "თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობითა და დავინახავთ დემოკრატიის უგულებელყოფასა და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ ვიხილავთ შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან". ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ საქართველოსთან მიმართ "ყველანაირ თანამშრომლობას გადახედავდა".

მოგვიანებით, 30 ნოემბერს აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

აშშ-ს სახდეპის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.

ამასთანავე, კონგრესში წარდგენილია რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ MEGOBARI აქტი, რომელსაც უკვე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ხოლო ჰელსინკის კომისიის თქმით, კონგრესში MEGOBARI აქტის მიმართ "მომენტუმი იზრდება".

კომენტარები