აშშ-საქართველო

აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი

აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება სახდეპის ვებგვერდზე ვრცელდება.

მილერის თქმით, აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.

"ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი დებულებები, რომელიც დაფუძნებული იყო საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის, და ანტიკორუფციული ძალისხმევის მიმართ ვალდებულებებზე. შედეგად, აშშ-მ შეაჩერა ეს მექანიზმი [სტრატეგიული პარტნიორობა]". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართული ოცნების მხრიდან EU-ში გაწევრიანების შეჩერება საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და საქართველოს რუსეთის წინაშე უფრო მოწყვლადს ხდის. აშშ-ს სახდეპი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ევროინტეგრაციის გაგრძელებას ემხრობა და პოლიციის მიერ მშვიდობიანი მონაწილეებზე ძალადობას გმობს. 

"ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეაჩეროს, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციაში ჩაწერილ პირობასთან ქართველი ხალხის წინაშე, რომელიც ევოკავშირსა და NATO-ში სრული ინტეგრაციისკენ სწრაფვას ეხება. საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, ქართულმა ოცნებამ ევროპასთან ახლო წრეები უარყო და საქართველო კრემლისთვის უფრო მოწყვლადი გახადა. [...]

ქართველი ხალხი ევროპასთან ინტეგრაციას დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს. აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას ქართველებზე, რომლებსაც თავიანთი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლების, გამოყენება სურთ. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ პროტესტები მშვიდობიანი დარჩეს". - წერია განცხადებაში.

სახდეპი კვლავ მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ხარვეზები და ანტიდემოკრატიული კანონები გაიწვიოს.

"ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მის ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდეს, საპარლამენტო არჩევნების ყველა ხარვეზი გამჭვირვალედ გამოიძიოს და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები