ხელოვნების სახლის განცხადებით, მიმდინარე პროტესტზე კოლაბორაციული გამოფენის გახსნიდან 5 დღეში გორის მერიისგან უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტაზე წერილი მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მერიას სჭირდება ხელოვნების სახლის სივრცე, რადგან "მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სხვა შესაბამისი ქონება".
ხელოვნების სახლის ცნობით, აპირებენ, ხელოვნების სახლის გადასარჩენად სამართლებრივი დავა წამოიწყონ.
"ხელოვნების სახლის რეზიდენტებმა 16 ნოემბერს გავხსენით კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც იყო რეფლექსია მიმდინარე პროტესტებზე და აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე პროტესტის მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს.
ინსტალაციის გახსნიდან ზუსტად 5 დღეში გორის მერიისგან მივიღეთ წერილი, რომელიც გვთხოვდა 2 თვის წინ განახლებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტას, აბსურდული მიზეზით, თითქოს მერიას სჭირდება ხელოვნების სახლის სივრცე, რადგან "მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სხვა შესაბამისი ქონება".
ჩვენს საპასუხო წერილში ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარის მიღების შემდეგ, გორის მერიამ მორიგი აბსურდული მიზეზი დაასახელა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად- ელექტროენერგიის განმხოლოება. ჩვენ გვქონდა ელექტროენერგიის საკითხის მოგვარების მცდელობა, თუმცა "ენერგო-პროსგან" მივიღეთ პასუხი, რომ ამ პროცესს მერიის თანხმობა ჭირდება. ასევე, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ელექტროენერგიის გამხოლოვების ვადა, შესაბამისად ჩვენი მხრიდან ხელშეკრულება არ დარღვეულა.
ხელოვნების სახლი არის სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოდ და ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა. 2016 წელს "ხელოვნების სახლის" გუნდმა დაიწყო სივრცის დასუფთავება და კამპანია მისი რეაბილიტაციისთვის. ამ პროცესში ჩართული იყო ასობით ადგილობრივი მოხალისე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. გარდა ადამიანური რესურსისა, გამოყენებული იყო ჩვენი საკუთარი და დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსები.
ხელოვნების სახლმა ამ პერიოდის მანძილზე ასობით ღონისძიებას უმასპინძლა, რაც მოიცავს გამოფენებს, ფესტივალებს, საჯარო ლექციებს, ვორკშოპებს, კინოჩვენებებს, სასწავლო კურსებს და ა.შ. ვიმუშავეთ 500-ზე მეტ არტისტთან და ყოველწლიურად ვმუშაობთ 1000-ზე მეტ ახალგაზრდასთან, რამაც ქალაქი აქცია კულტურის მნიშვნელოვან კერად.
ჩვენთვის ცხადია, რომ ეს პროცესი წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული! ჩვენ არ ვეთანხმებით გორის მერიის გადაწყვეტილებას და ვაპირებთ სამართლებრივ დავას ხელოვნების სახლის გადასარჩენად! გავაგრძელებთ მუშაობას გორის ახალ იდენტობაზე, რომელიც გორს თანამედროვე ხელოვნების ქალაქად აქცევს!" - წერს ხელოვნების სახლი.
გორის მერიამ, 2024 წლის 16 დეკემბერს, საჯარო რეესტრს ორგანიზაცია გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
უზუფრუქტის ხელშეკრულებით, სივრცე სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა გორელ ფოტოგრაფთა კლუბს.
2024 წლის 17 ნოემბერს გორის ხელოვნების სახლში საპროტესტო ინსტალაციაა განათავსეს, სადაც კედლებზე გაკეთებულ სხვადასხვა წარწერას შორის იყო - "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!".





