საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
პაველ ჰერჩინსკიმ დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მაკა ბოჭორიშვილმა კი გამთქვა წუხილი, რომ " არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება"
"საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.
ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას.
კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის.
ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას.
თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად.
ხაზი გაესვა მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებას", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.
შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა დემონსტრანტები. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს 43 მომიტინგე.
საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".
რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 29 და 30 ნოემბერსაც გაიმართა. სპეცრაზმმა მომიტინგეები ისევ დაარბია. დემონსტრაციები მიმდინარეობს ახლაც - თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პარალელურად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლების ნაწილი განცხადებით ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების და აქციების დარბევის ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და მიზეზად ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები დაასახელა.