საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პოლიციის მიერ ძალის გადამატებას გმობს და პოლიციას მოუწოდებს, უკანონო ბრძანებები არ შეასრულოს.
"'საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო' გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტს. მოვუწოდებთ პოლიციის დანაყოფებს არ შეასრულონ არალეგიტიმური მთავრობის უკანონო ბრძანებები და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად". - წერს ორგანიზაცია.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.
შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა დემონსტრანტები. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები.
რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია ახლაც მიმდინარეობს. სპეცრაზმი მომიტინგეებს ისევ არბევს.





