ელენე ხოშტარიას საქმე

მსჯავრებულ ხოშტარიას უახლოეს დროში კლინიკა ვივამედში გადავიყვანთ – პატარიძე

გიორგი პატარიძე / ელენე ხოშტარია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის განცხადებით, დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას უახლოეს მომავალში რუსთავის ქალთა ციხიდან ვივამედის კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც მას დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდება. 

"ჩვენ შევთანხმდით, მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველებთან სამედიცინო მიმართულებით, ანუ ექიმებთან. ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა ვივამედი, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნია ხელშეკრულება და შესაბამისად, უკვე კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. ეს მოხდება უახლოეს დროში, დაახლოებით ორ დღეში". - თქვა პატარიძემ.

ამასთან ერთად, პატარიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის დაავადება, რომლის შესახებაც პენიტენციურ სამსახურს "დაინტერესებულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია" ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შემდეგ ხოშტარიას არ დაუდგინდა.

"მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი სპეკულაციები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში სამწუხაროდ გრძელდებოდა, მიმდინარეობდა ბრიფინგებით საუბარი, ზოგადად, თითოეულ მსჯავრდებულ-ბრალდებულზე აისახება ძალზედ უარყოფითად. 

მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზირებულ ექიმთან შეხვედრა, და თქვენ გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ "მოხარული ვიქნები, თუ გადავალთ ჯანსაღ კომუნიკაციაზე და დინამიკაში ავსახავთ პროცესებს", ამის შემდეგ გასულია ორი დღე და ჩვენ პრაქტიკულად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

როგორც აქამდეც აღვნიშნავდი, დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონრკეტულ დაავადებაზე და ჩატარებული იქნა კონკრეტული ლაბორატორიული კვლევები და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ, ეს დაავადება მას არ დაუფიქსიდა და მერწმუნეთ, რომ არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლვევები". - თქვა პატარიძემ.


რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".

ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.

უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.

პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.

25 ივნისს ექიმმა მაკა იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში პარტია დროას ლოდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო, პაციენტს გაუჭირდა სამედიცინო მაგიდაზე დაწოლაც კი.

ექიმის ინფორმაციით, 2024 წლის დიაგნოზი არის რადიკალურად შეცვლილი, დამატებულია წვრილი სახსრები, ხერხემლის, კერძოდ მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გავა-თეძო სახსრის ანთება

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.

ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

კომენტარები