რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბორელი: თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის გააგრძელებს იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების მიმართ

2024 წლის შემაჯამებელ წერილში, სათაურით – ევროპა ცეცხლის რკალში, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური გარემო გაუარესებულია და ევროპაში კონფლიქტები ღრმავდება.

ბორელის თქმით, საკმარისი არ აღმოჩნდა ის დახმარება, რომელიც ევროპამ უკრაინას საჰაერო სივრცისა და ენერგოინფრასტრუქტურის დასაცავად გაუწია.

"ზამთარი უკრაინელებისთვის ძალიან მკაცრი იქნება, ელექტროენერგიის შეზღუდვებით. ჩვენ ვერც საბრძოლო მასალების მხრივ მოვახერხეთ უკრაინის საკმარისი მხარდაჭერა, რათა შეგვეჩერებინა რუსეთის წინსვლა დონეცკის რეგიონში, რომ აღარაფერი ვთქვათ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

არაერთხელ მითქვამს: რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ეგზისტენციალური საფრთხე ევროკავშირისთვის. თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის აუცილებლად გააგრძელებს იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების მიმართ, განსაკუთრებით ევროპაში". - წერს ბორელი.

ამასთან, ბორელის თქმით, თუ ევროპა უკრაინას სუვერენიტეტის დაცვაში არ დაეხმარება, განადგურდება წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომლის პოპულარიზაციასაც გლობალურად ცდილობდნენ.

კომენტარები