რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სამხ. კორეამ შესაძლოა ჩრდ. კორეელი სამხედროების მონიტორინგისთვის უკრაინაში ჯგუფი გაგზავნოს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სამსახურმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა უკრაინაში სამხედრო მონიტორინგის ჯგუფის გაგზავნას განიხილავს, რათა რუსეთის მხრიდან ფრონტის ხაზზე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მოსალოდნელ გაგზავნას დააკვირდეს და გააანალიზოს.

სამხრეთ კორეელი მაღალჩინოსნის თქმით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვითა და თანამედროვე ომთან გაცნობით ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან გაკვეთილებს მიიღებს, რაც სამხრეთ კორეისთვის პირდაპირ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს.

"მაშასადამე ჩვენ მოვალეობას გვიჩენს, რომ გავაანალიზოთ და მონიტორინგი გავუწიოთ ჩვენი მოკავშირის, უკრაინის, წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მოქმედებებს". - განაცხადა სამხრეთ კორეელმა მაღალჩინოსანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების პირველი პარტიის საბრძოლო ზონებში გამოყენებას 27-28 ოქტომბერს გეგმავდა.

23 ოქტომბერს აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეელმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.

ზელენსკიმ უკრაინაში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებს გაგზავნის შესახებ ცნობა პირველად 14 ოქტომბერს გაავრცელა. მოგვიანებით, რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც, ცნობების თანახმად, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების წვრთნებს ასახავს რუსეთის პრიმორსკის მხარეში. 

ბოლო ინფორმაციით, სამხრეთ კორეელმა პარლამენტარებმა 29 ოქტომბერს, სადაზვერვო სააგენტოსგან მიღებული ცნობების შემდეგ, განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გაგზავნილი სამხედრო მაღალჩინოსნები და ჯარისკაცები შესაძლოა უკრაინასთან ომის ფრონტის ხაზთან გაიგზავნონ.

კომენტარები