აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის უშიშროების სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა, American Enterprise Institute-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ისაუბრა.
ტერნერის თქმით, აშშ-მ ცხადად უნდა გამოხატოს, რომ თუკი არჩევნების შემდეგ "საქართველოს მმართველობაში ახალი მიმართულება იქნება, აშშ ამ მიმართულებას მხარს დაუჭერს".
"ჩვენ მხარს დაუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, და კარგად გვესმის, რომ მყარი ურთიერთობა გვსურს იმ მოსახლეობასთან, რომელსაც საკუთარი თავი პროდასავლურად მიაჩნია". - ამბობს ტერნერი.
ტერნერმა ამასთანავე საქართველოში ვიზიტი გაიხსენა, რომლის ფარგლებშიც იგი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა:
"ამ ბოლო დროს, აგვისტოში, სენატორ [ჯინ] შაჰინთან ერთად საქართველოში ვიყავი, ორპარტიული, ორპალატიანი ვიზიტის მიზნით. იქ ვიყავით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და აშშ-სთან მყარი ურთიერთობისთვის, და რათა მთავრობისგან დაგვენახა, რას ხედავენ ისინი საკუთარ პასუხისმგებლობად, [თუ] რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ამ ურთიერთობის ხელახლა გასაცოცხლებლად, და ცოტა გაკვირვებულები დავრჩით, რომ პრემიერმინისტრს [ირაკლი კობახიძეს] არაფერი დასამატებელი ჰქონდა ჩვენთვის იმ წვლილზე, რომლის შეტანაც მას [აშშ-სთან] ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მიაჩნდა". - ამბობს ტერნერი.
ტერნერი ამატებს, რომ მისი აზრით, "წინააღმდეგობა არსებობს, რომელიც განსხვავებულია იმისგან, რასაც მოსახლეობა ფიქრობს".
ღონისძიებაზე ტერნერის გარდა სპიკერებად საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი იყვნენ მიწვეული.