გამოცემა Washington Post-ის ცნობით, რუსი ოკუპანტები უკრაინაში წინსვლისთვის ილონ მასკის კომპანია Starlink-ის არაკანონიერი გზით მოპოვებულ ტერმინალებს იყენებენ, რათა გააუმჯობესონ შეტაკებების დროს დანაყოფებს შორის კოორდინირება და ზუსტი იერიშები მიიტანონ უკრაინულ არტილერიაზე.
როგორც WP წერს, ტერმინალები, რომელთა საშუალებითაც რუსი მეთაურები პირდაპირ რეჟიმში აკონტროლებენ ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებს, ხოლო ოკუპანტი სამხედროები ერთმანეთს შორის უსაფრთხო კომუნიკაციას ამყარებენ, აშშ-ს მიერ შედგენილ სიაშია, რომელშიც აღნიშნული ტექნოლოგიების რუსეთისთვის რაიმე გზით გადაცემა ან რუსეთში გაყიდვა აკრძალულია.
როგორც უკრაინის 72-ე მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთმა ოფიცერმა გამოცემას ანონიმურად უთხრა, რამდენიმე დღის წინ უკრაინულ ქალაქის, უგლედარის დაცემის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ოკუპანტებისთვის სწორედ Starlink-ის ტექნოლოგია იყო.
Starlink-ის 10 ათასობით სატელიტური ანტენა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობაა, თუმცა, როგორც ამას გამოცემას 6 უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი ეუბნება, რუსეთმა ამ უპირატესობის გაბათილება უკვე შეძლო. ამავე პირებმა მკაცრად გააკრიტიკეს Starlink-ისა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი. მათი თქმით, მასკი რუსეთის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი და საკმარისად არ ცდილობს, საოკუპაციო ძალების მიერ მისი კომპანიის ტექნოლოგიების არალეგალური გზით მოპოვებასა და გამოყენებას ხელი შეუშალოს.





