არჩევნები 2024

კობახიძე: მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ TI-ს საარჩევნო მიზნის ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას

ირაკლი კობახიძე პარლამენტში 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე წერს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

"ის ფაქტი, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.

თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოუცხადა." - წერს კობახიძე.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის საარჩევნო მიზნისა და "მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის" შესახებ საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია და კობახიძე წერს, რომ აქედან გამომდინარე "საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი."

ამასთან ერთად, საქართველოს პრემიერი მოუწოდებს ანტიკორუფციული ბიუროს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე "თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან."

"აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული. წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ასევე, ანალოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან." - წერს ირაკლი კობახიძე.


24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დაასახელა და  დღის ვადაში ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაავალა. 

25 სექტემბერს ამერიკელი სენატორები - ჯიმ რიში, ბენ კარდინი, პიტ რიკეტსი და ჯინ შაჰინი განცხადებაში გამოეხმაურნენ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას და მას შემაშფოთებელი უწოდეს.

გადაწყვეტილების გამო შეშფოთება საერთოდ განცხადებით გამოხატეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმაც და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმაც.

კომენტარები