არჩევნები 2024

ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, არჩევნებზე გაკეთებულ განცხადება ეხმაურება.

ცესკოს შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი "საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს".

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, კომიტეტზე სიტყვით მიმართვისას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თქვა, "რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი დეტალი იკვეთება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს იყო ფართომასშტაბიანი და კარგად ორგანიზებული მანიპულაციის ოპერაცია, რომელიც აშკარად რუსეთისა და რუსული მეთოდების შთაგონებით და მხარდაჭერით განხორციელდა".

ცესკოს განცხადებით, ზურაბიშვილი "ტრადიციულად არსებითი მტკიცებულებების და არგუმენტების გარეშე, კვლავ აყენებს ბრალდებებს "არჩევნების გაყალბებისა" და "რუსული მეთოდების" შესახებ".

მათივე მტკიცებით, "26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი არ ჰქონია ისეთ დარღვევებს, რომლებსაც შეეძლო არსებითი გავლენა ჰქონოდა შედეგებზე".

"საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებითაც.

ასეთი უსაფუძვლო განცხადებები დიდი ალბათობით მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით საარჩევნო გარემოსა და პროცესის მთლიანობის დაზიანებისკენ, არასწორი აღქმების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, რათა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია და დაითესოს სკეპსისი ნებისმიერი არჩევნების შედეგებთან მიმართებაში, სადაც ბრალდებების ავტორებისთვის სასურველი შედეგი არ დადგება.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები, ან თავი შეიკავონ უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისაგან". - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარები