არჩევნები 2024

TI: არ ვაპირებთ ქართული ოცნების ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას

TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაცია წერს, რომ TI-ს სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება. მათივე ინფორმაციით, ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ გადაწყვეტილებს.

24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დაასახელა და 5 დღის ვადაში, ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დააკისრა.

"ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი პარტიის საარჩევნო სუბიექტთან გათანაბრებულ პირად არის ამ დრომდე მიჩნეული, მაშინ როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის. ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე გვავალდებულებს სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო არ აღიარებს აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ აღნიშნულ სტატუსს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ორგანიზაცია და არც ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს. ასევე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს. ამდენად, არ ვაპირებთ ქართული ოცნების ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას". - ვკითხულობთ განცხადებაში.

TI-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე მათი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ იქნება წარმოდგენილი. 

"მიუხედავად ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს თითოეული თანამშრომელი გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და ინტელექტუალურ რესურსს, რათა სადამკვირვებლო მისიას "ჩემი ხმა" და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დავეხმაროთ არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში. ჩვენ ეს ბარიერები არ გაგვაჩერებს. 

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისათვის! ჩვენ დავიცავთ ყველას ხმას"! - წერს TI.

კომენტარები