ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა, კლოდ კერნი და ასევე ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი, რომელიც საქართველოს მომავალ არჩევნებს აკვირდება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.
"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო იძულებულია შეწყვიტოს საარჩევნო ოპერაცია" და საერთო განცხადებას ავრცელებენ.
ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო იძულებული გახდა დაეხურა საარჩევნო სადამკვირვებლო ოპერაციები ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოება და მისი დირექტორი "საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოცხადდნენ.
ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ "სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება". ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ.
ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ამ არჩევნების ლეგიტიმაცია და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ისევე როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებზე დაბრკოლების ან ჩარევის გარეშე დაკვირვება შეძლონ".
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ასევე, მოძრაობა აირჩიე ევროპა და მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დაასახელა და 5 დღის ვადაში, ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დააკისრა.





