რუსული რეჟიმი

არაკეთილსინდისიერია, რომ ეკა გიგაური სენატში გამოსვლისთვის ისჯება - ამერიკელი სენატორები

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, პიტ რიკეტსი და ჯინ შაჰინი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად დასახელებას განცხადებით გამოეხმაურნენ.

სენატორების თქმით, "არაკეთილსინდისიერია", რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორი, ეკა გიგაური, ამერიკის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 12 სექტემბრის მოსმენაზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო ისჯება. 

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 12 სექტემბერს "არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონი და სხვა დემოკრატიის რეპრესიული ინსტრუმენტების" საკითხი განიხილა.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, დასახელდეს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო "გაცხადებული საარჩევნო სუბიექტად".

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ემზადებიან საქართველოში მოახლოებული არჩევნებისთვის - ისინი არ მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში, როგორც პარტიები და მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიას მიუხედავად იმისა, ვის აძლევს ხმას ხალხი.

არაკეთილსინდისიერია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორი, ეკა გიგაური, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 12 სექტემბრის მოსმენაზე მიცემული ჩვენების გამო ისჯება.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად". - წერია განცხადებაში.


  24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ასევე, მოძრაობა აირჩიე ევროპა და მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დაასახელა და 5 დღის ვადაში, ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დააკისრა.

კომენტარები