ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორშაბათს, 26 აგვისტოს, რუსული მასობრივი თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელმა F-16-მა კატასტროფა განიცადა.
როგორც მედიის წყარო ამბობს, პირველადი ცნობებით, თვითმფრინავი მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად არ ჩამოვარდნილა და კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, პილოტის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა.
გასულ დღეებში, რუსეთის მასობრივი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომელთა პირველი ნაწილი მცირე ხნის წინ მიიღეს, რაკეტების ჩამოგდებისთვის გამოიყენეს.
WSJ-ს უკრაინის საჰაერო ძალებში არაფერი უთხრეს და არც დაუდასტურეს თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და იმის შესახებ, გადარჩა თუ არა პილოტი. მედიას პასუხი პენტაგნომაც არ გასცა და ისინი სწორედ უკრაინის საჰაერო ძალებთან გადაამისამართეს.
თუმცა, ქალაქი ლუცკის მერმა, იგორ პოლიშჩუკმა ამ კვირაში თქვა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების პილოტი, ოლექსი მესი 26 აგვისტოს, საბრძოლო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. მესი ერთ-ერთი პირველი უკრაინელი პილოტი იყო, რომელმაც F-16-ებზე მომზადება გაიარა და ის ავიაგამანადგურებლების გადაცემის ლობირებისთვის ვაშინგტონშიც იყო ჩასული.
26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინაზე უდიდესი იერიში მიიტანა. მთავარ სამიზნეებს ენერგოინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. თავდასხმის დროს მოსკოვმა 200-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა.
4 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორების მიერ მიწოდებული ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16-ები წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებსა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით, დანიას, ნიდერლანდებსა და აშშ-ს.
აქამდე The Economist-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ პირველი 10 ცალი F-16 მიიღო.
ავიაგამანადგურებლები უკრაინამ NATO-ს ევროპული ქვეყნებისგან ვაშინგტონის შუამავლობით მიიღო. გასულ თვეებში მოკავშირეები, მათ შორის დანია და ნიდერლანდები, კიევს რამდენიმე ათეულ F-16-ს დაჰპირდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, მიწოდების პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება.
როგორც The New York Times-ი წერდა, წელს F-16-ების ფრენას მხოლოდ 20 უკრაინელი პილოტი შეძლებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კიევს მხოლოდ 10 ავიაგამანდგურებლის გამოყენება შეეძლებოდა, რადგან თითო თვითმფრინავს ორი მფრინავი სჭირდება.





