28 ივნისს, გვიან ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიში ბოლო კვირაში უკვე მესამედ მიიტანა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგიი პოპკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10-ზე მეტი დრონის განადგურება შეძლეს.
პოპკოს ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები დედაქალაქის სამ რაიონში, მათ შორის, ჰოლოსივსკიში, დნიპროვსკისა და დესნიანსკიში ჩამოვარდა, ხოლო დესნიანსკიში ნამსხვრევები ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
როგორც კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ტელეგრამ-არხზე წერს, დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
კიევის გარდა რუსეთმა იერიში უკრაინის სხვა ოლქებზეც მიიტანა. 29 აგვისტოს ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ხარკოვის, ჩერკასის, კიროვოგოროდის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, სუმისა და დონეცკის ოლქებში 60 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 2 მართვადი ავიაბომბი გაანადგურა.
ბოლო კვირაში პირველი მასშტაბური საჰაერო იერიში რუსმა ოკუპანტებმა კიევზე ორშაბათს, 26 აგვისტოს მიიტანეს. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 236 საჰაერო თავდასხმის საშუალება გაისროლა; უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 102 რაკეტა და 99 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. იერიშის შედეგად, დაიღუპა 7 და დაშავდა 50 მოქალაქე.
უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, 26 აგვისტოს თავდასხმა ყველაზე მასიური რუსული საჰაერო იერიშია.
- რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები
- ასობით დრონი და რაკეტა – რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასიური საჰაერო იერიში მიიტანა
შემდეგი თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე რუსეთმა მეორე დღეს, 27 აგვისტოს განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ვინაიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის მიმართულებით გასროლილი ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.
თუმცა, იმავე დღეს ოკუპანტების იერიშმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივოი რიგზე, ბოლო მონაცემებით, მინიმუმ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 5. ზაპორიჟიეს ოლქზე თავდასხმის შედეგად კი დაიღუპა 3, ხოლო დაშავდა 3 ადამიანი.





