რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კრივოი როგი დაბომბა, არიან დაღუპულები

კრივოი როგის დაბომბვის შედეგები, 2024 წლის 27 აგვისტო
Сергiи Лисак

27 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კრივოი როგი დაბომბა. ერთ-ერთი რაკეტა სასტუმროს მოხვდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

"იერიშის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი. ქალი და კაცი. დაშავებულია 5 ადამიანი: 43 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა მძიმეა და 37 წლის კაცი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, კიდევ 3 დაშავებული უკვე სახლშია". – წერს დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი ლისაკი.

მაშველები სასტუმროს ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.

ლისაკის თქმით, სასტუმროს გარდა დაზიანებულია 6 მაღაზია, 4 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 8 ავტომობილი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 27 აგვისტოს, რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ 90-მდე საჰაერო თავდასხმის ობიექტი გამოიყენ: 81 შაჰედის ტიპის დრონი, ასევე ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები.

"აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს ამ და სხვა დარტყმებზე. არ შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი დარჩეს". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, რუსეთმა ელექტროობიექტების დაბომბვისას კასეტური ბომბები გამოიყენა.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები