რამზან კადიროვის შვილს, ადამ კადიროვს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, ახმატ კადიროვის ორდენი გადაეცა.
"გულწრფელად ვულოცავ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ჩემ ძვირფას ძმას, ადამ კადიროვს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოს მიღებას". – წერს რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკისა და ინფორმაციის მინისტრი ახმედ დუდაევი.
ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო ადამის ბაბუის, ახმატ კადიროვის სახელს ატარებს.
ჩეჩნეთის ლიდერის შვილი 15 წლის ასაკში ფართო საზოგადოებამ 2023 წელს გაიცნო, როდესაც ადამ კადიროვი გროზნოს იზოლატორში ყურანის დაწვაში ბრალდებულ ხელშეკრულ პატიმარს, ნიკიტა ჟურაველს სცემა.
ძალადობის ამსახველი ვიდეო რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა. საზოგადოების ნაწილი პატიმრის ცემის ფაქტს ნეგატიურად შეხვდა. თუმცა გროზნოს პოლიციამ ადამ კადიროვის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა. მას შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერის შვილმა არაერთი ჯილდო და თანამდებობა მიიღო.
ინციდენტის შემდეგ ადამ კადიროვს მიღებული აქვს 10 ორდენი, ჯილდო და საპატიო წოდება.
ჟურაველზე თავდასხმის შემდეგ, იმ დროს 15 წლის კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა. გარდა ამისა, შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონისა და ვლადიმირ პუტინის სახელობის სპეცრაზმის უნივერსიტეტის კურატორის თანამდებობას იკავებს.