საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

კურსკის ოლქის რამდენიმე სასაზღვრო რაიონში მუნიციპალური არჩევნები გადადეს

რუსული სამხედრო ტექნიკა კურსკის ოლქში, 2024 წლის აგვისტო

უკრაინის საბრძოლო მოქმედებების ფონზე, კურსკის ოლქის ექვს რაიონსა და ერთ ქალაქში რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ათეულობით ორგანოს დეპუტატების არჩევნები გადადო

მუნიციპალური არჩევნების ჩატარება 8 სექტემბერს იგეგმებოდა. კენჭისყრა არ შედგება ბელოვსკის, ბოლშესოლდატსკის, გლუშკოვოს, კორენოვოს, სუჯისა და ხომუტის რაიონებში, ასევე ქალაქ ლგოვში.

რუსულ ცესკოში ამბობენ, რომ ამ რაიონებში არჩევნები მაშინ ჩატარდება, როცა ამომრჩევლების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

ამ ყველაფრის პარალელურად, რუსულმა ცესკომ არ გადადო კურსკის ოლქის გუბერნატორის არჩევნები. ხმის მიცემის პროცესი 28 აგვისტოს დაინიშნა.

ამჟამად კურსკს გუბერნატორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი მართავს. რუსული მედია Верстка წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნებოდა, რომ გუბერნატორის არჩევნების 2025 წლამდე გადატანა იგეგმებოდა.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები