გამოცემა The Washington Post-მა კურსკში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა.
სტატიაში წერია, რომ პუტინისთვის კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრა ვაგნერელების აჯანყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა. კურსკის ოლქში კიევის წარმატება მორალურს უზრდის უკრაინულ ჯარსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს რუსულ ხელისუფლებასა და სამხედროებს.
გამოცემის შეფასებით, თუ რუსეთი იმავე ტემპებით გააგრძელებს შეტევას, რა სიჩქარითაც აქამდე უტევდა სხვა მიმართულებებით, კურსკის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ერთი წელი დასჭირდება.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით WP წერს, რომ უკრაინამ ამ დროისთვის 20-მდე დასახლებული პუნქტი დაიკავა და კურსკის ატომური ელექტრო სადგურს უახლოვდება. სტატიაში წერია, რომ უკრაინულ სამხედრო შენაერთებს დაკავებულ პოზიციებზე გამაგრებისთვის საკმარისო დრო, ხოლო ხელისუფლებას რუსეთთან სამომავლო მოლაპარაკებებში ბერკეტი მიეცემათ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს.
პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





