საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

WP: უკრაინა კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს

უკრაინელი დივერსანტები სავარაუდოდ კურსკის ოლქში
Скадовський захисник

გამოცემა The Washington Post ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.

გარდა ამისა, სტატიაში წერია, რომ უკრაინელებმა რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს.

ასევე მრჩევლის მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები გაზის სადგურ სუჯას აკონტროლებენ. ინფორმაციას ასევე Z-ბლოგერებიც ადასტურებენ.

WP-ს დასკვნით, რომელიც რუსი ოფიციალური პირებისა და სამხედრო კორესპოდენტების განცხადებებს ეფუძნება, კურსკში ამჟამად ელიტური სამხედრო შენაერთების რამდენიმე ათასი ჯარისკაცია.

"ეს ოპერაცია ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო ბერკეტს მისცემს". – ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი გამოცემასთან ინტერვიუში.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს. 

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები