საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინელმა დივერსანტებმა კორენოვოს დასახლებამდე მიაღწიეს

ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე Z ბლოგერები წერენ, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქში მდებარე კორენოვოს დასახლებამდე მიაღწიეს.

ომის მხარდამჭერი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი კრიტიკულად განწყობილი არხი Два майора წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კორენოვოს დასახლებამდე მიაღწიეს, თუმცა, როგორც ირწმუნებიან, აქ ისინი "ბრძოლით შეაჩერეს".  

კორენოვოსთან მიმდინარე ბრძოლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი Рыбарь-ი და სხვა Z ბლოგერებიც. ტელეგრამ-არხი Архангел спецназа Z წერს, რომ კორენოვოსთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი რეზერვები გადასხა.

Рыбарь-ი ასევე ირწმუნება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს ქალაქი სუჯის ნახევარი, დასავლეთის მიმართულებით და აკონტროლებენ დასახლების გარშემო არსებულ გზებს. მისივე თქმით, ამ რაიონში მიმდინარეობს შეტაკებები. ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.

კურსკის ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებას უკრაინელი სამხედროების წინსვლასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებოა. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გაავრცელა ცნობა, რომ ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 12 რაკეტა და 6 უპილოტო საფრენი აპარატი.

კურსკის ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქალაქ კურჩატოვში აფეთქებების ხმა ისმის. აქ მდებარეობს კურსკის ატომური ელექტროსადგური. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, უკრაინელები სწორედ ამ სადგურის მიმართულებით გადაადგილდებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასული ღამის განმავლობაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო 16 დრონი, აქედან 14 ბელგოროდის ოლქში, 2 კი - კურსკში. შემდეგში გაავრცელეს კიდევ ერთი ცნობა, რომლის მიხედვითაც კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს, ერთი კვლავ კურსკის, მეორე კი არიოლის ოლქში.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა აფეთქებული რუსული ტექნიკისა და ჩამოგდებული ვერტმფრენის ამსახველი ფოტოები და კადრები. საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ირწმუნებიან, რომ თავდასხმაში მონაწილე უკრაინული ტექნიკის განადგურებაა ასახული. რამდენიმე რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს. 

პროკრემლისტური ტელეგრამ არხი Mash-ი ირწმუნება, რომ იერიშში მონაწილეობა მიიღეს რუსული მოხალისეთა კორპუსის, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადისა და ტერიტორიული თავდაცვის წევრებმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.

წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები