უკრაინული ინგლისურენოვანი მედია Kyiv Post-ი ავრცელებს ფოტოს, რომელშიც აჯანყებული ტუარეგები უკრაინის დროშით პოზირებენ.
ამას გარდა, 29 ივლის უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა თქვა, რომ ტუარეგ აჯანყებულებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც "რუსი ომის დამნაშავეების" წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციის საწინდარი გახდა.
იუსოვმა აღნიშნა, რომ ახლა დამატებით დეტალებზე არ ისაუბრებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მომავალში მეტი რამ გახდება ცნობილი.
გასულ დღეებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მალიში დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ. კადრებში ჩანდა მათი განადგურებული საბრძოლო ტექნიკა, ფიგურირებდა ისლამისტი ჯიჰადისტებისა და აზავადის მოძრაობის დროშები. შეიარაღებული ტუარეგები და არაბები დახოცილ რუს დაქირავებულ სამხედროებს ძარცვავდნენ და მათ ფონზე პოზირებდნენ. მოკლულთა შორის არის ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი GREY ZONE-ის ადმინისტრატორი, ნიკიტა ფედიანინი, ზედმეტსახელად "თეთრი".
თავდაპირველად ვაგნერთან დაკავშირებულ არხებზე წერდნენ, რომ მოკლულთა შორის იყო ერთ-ერთი მეთაური, ანტონ ელიზაროვი, ზედმეტსახელად ლოტოსი, თუმცა შემდეგ ეს ცნობა უარყვეს. შემდეგ გავრცელდა ცნობა მისი ტყვედ ჩავარდნის შესახებ, რაც მალე ასევე უარყვეს.
ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ არხების ცნობით, ჩასაფრებაში მოყვნენ არამხოლოდ ვაგნერის ჯგუფის წევრები, არამედ აფრიკული კორპუსის წარმომადგენლებიც. აფრიკული კორპუსი არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი დანაყოფი, რომელიც აფრიკაში მოქმედებს. მისი წევრების უმეტესობა ყოფილი ვაგნერელები არიან.
29 ივლისს ვაგნერის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შეტაკებები 22-27 ივლისის პერიოდში მიმდინარეობდა, ტინზაუტის კომუნის, ალჟირის საზღვრის მახლობლად. განცხადების მიხედვით, ბრძოლაში კსკ ვაგნერის მე-13 მოიერიშე ბრიგადა და მალის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვაგნერის ჯგუფში ირწმუნებიან, რომ მათ მოწინააღმდეგეს ტუარეგი სეპარატისტების გაერთიანება, აზავადის მოძრაობის კოორდინაციისა (CMA) და ალ-კაიდის საჰელის განშტოების (ჯამაათ ნასრ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინ) წევრების ალიანსი წარმოადგენდა.
პარალელურად, რუსი დაქირავებული სამხედროების კოორდინაციისთვის შექმნილ "საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ოფიცერთა თანამეგობრობის" (СОМБ) დირექტორი, ალექსანდრ ივანოვი ირწმუნებოდა, რომ თავდამსხმელებს კოორდინაცია დასავლურმა ძალებმა გაუწიეს. თავად ვაგნერთან დაკავშირებულ არხებზე კი თავდაპირველად წერდნენ, რომ აჯანყებულებისთვის უკრაინელების დახმარებაზე საუბარი გადაჭარბებული იყო, თუმცა მსგავს შესაძლებლობას ვერ გამორიცხავდნენ.
გასულ თვეებში უკრაინელი სამხედროების აფრიკის კონტინეტზე ვაგნერის ჯგუფის წინააღმდეგ მოქმედებების შესახებ რამდენიმე ცნობა გავრცელდა. თუმცა მაშინ საუბარი იყო უკრაინელი სპეცრაზმელების სუდანის სამოქალაქო ომში მონაწილეობაზე.
ამას გარდა, ივნისში Kyiv Post-ი წერდა, რომ უკრაინის სპეციალური ძალები სირიელ აჯანტებულებთან ერთად რუსი მოქირავნეების წინააღმდეგ მუშაობდნენ.
-
CNN: სუდანში ვაგნერის მხარდაჭერილ ძალებზე იერიშების უკან შეიძლება უკრაინა იდგეს
-
Kyiv Post: უკრაინელი სპეცრაზმელები სუდანში რუს დაქირავებულებთან ბრძოლას აგრძელებენ
-
აფრიკაში უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მოქმედებებს რუსი ელჩი ვერ გამორიცხავს