რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აფრიკაში უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მოქმედებებს რუსი ელჩი ვერ გამორიცხავს

უკრაინელი სამხედრო კსკ ვაგნერის ნაალაფარი შევრონებით, სავარაუდოდ სუდანში გადაღებული ფოტო

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ ბიკანტოვმა არ გამორიცხა, რომ აფრიკაში უკრაინელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებს მართლაც ატარებენ.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტმა ბიკანტოვს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას დადასტურება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აფრიკაში, კერძოდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ რუსეთის ძალების ან მათ მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ.

"საელჩო არ ფლობს მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ყოფნასთან დაკავშრებით, თუმცა, ჩვენს დროში ბოლომდე არაფრის გამორიცხვაა შესაძლებელი. ქვეყანაში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა არაა. მთლიანობაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა კიევის თვალთახედვის მიღმა რჩება." – უპასუხა შეკითხვას ბიკანტოვმა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე ცნობა არ გავრცელებულა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ უკრაინული სპეცდანიშნულების რაზმები სუდანის სამოქალაქო ომში მონაწილეობენ და ქვეყნის მმართველი გენერალი აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანის ძალების მხარეს, კსკ ვაგნერის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) წინააღმდეგ იბრძვიან. 

სუდანში დაპირისპირება აპრილში დაიწყო. ერთმანეთთან იბრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა.  RSF-ს აქტიურად უჭერდა მხარს ვაგნერის ჯგუფი.

გასული წლის სექტემბერში CNN-მა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ასახული იყო თუ როგორ ატარებდნენ უკრაინელი სამხედროები სუდანში ვაგნერისა და მათ მხარდაჭერილი ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაციებს. საუბარი იყო როგორც დრონით შესრულებულ თავდასხმებზე, ისე რამდენიმე მცირე ზომის სახმელეთო ოპერაციაზე.

როგორც CNN-ი წერდა, მათთან ანონიმურად ისაუბრა უკრაინის სამხედრო წყარომ და ვაგნერის მხარდაჭერილ სწრაფი რეაგირების ძალებზე (RSF) განხორციელებულ თავდასხმებზე თქვა, რომ ეს არ იყო სუდანის არმიის მიერ შესრულებული სამუშაო. კითხვაზე, იდგა თუ არა კიევი ამ თავდასხმების უკან, წყარომ CNN-თან თქვა, რომ "პასუხისმგებლები, ალბათ, უკრაინის სპეცსამსახურები არიან".

ამის შემდეგ, Kyiv Post-მა გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა 2 ვიდეო, რომლებზეც ასევე ირწმუნებოდნენ, რომ სუდანში რუსი დაქიარავებულების წინააღმდეგ უკრაინელი სამხედროების მოქმედებები იყო ასახული. 2024 წლის თებერვალში ამავე გამოცემამ იგივე თემატიკის კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა.

ახალი დეტალები ცნობილი გახდა მარტის დასაწყისში The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის მეშვეობით. როგორც გამოცემა წერდა, როდესაც გენერალი ალ-ბურჰანი აჯანყებული ძალებით გარშემორტყმული აღმოჩნდა, მან დასახმარებლად მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ამ უკანასკნელს კი, WSJ-ს ცნობით, ჰქონდა მიზეზები, რომ ეს თხოვნა სერიოზულად მიეღო. კერძოდ, WSJ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ გენერალი ალ-ბურჰანი კიევს შეიარაღებით ჩუმად ამარაგებდა. საპირისპიროდ, RSF-ს მხარს უჭერდა რუსული კსკ ვაგნერი. WSJ-ს ცნობით, თხოვნიდან რამდენიმე კვირაში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპეცდანიშნულების ძალები, კერძოდ დანაყოფი ტიმურის მებრძოლები სუდანის დედაქალაქ ხარტუმში დაეშვნენ და აჯანყებული ძალები უკუაგდეს.

"ომი სახიფათო საქმეა. ჩვენ რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში ვართ... მათ ჰყავთ ძალები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში და ზოგჯერ მათ იქ დავარტყამთ." – ასე უპასუხა ГУР-ის მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა WSJ-ს შეკითხვებს.

WSJ-ს ცნობით, ქვედანაყოფი ტიმურის მებრძოლები, დაახლოებით 100 კაცი, სუდანში გასული წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ჩავიდნენ. მათი პირველი მისია გენერალი ალ-ბურჰანის დედაქალაქიდან გაყვანა იყო. სუდანელი მაღალჩინოსნები WSJ-სთან ამბობდნენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გენერლის ხარტუმიდან გაყვანა მოახერხეს. აქედან გარკვეული პერიოდის შემდეგ გენერალი ალ-ბურჰანი ირლანდიის აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც კი შეხვდა.

კომენტარები