მალიში აზავადის მოძრაობების კოორდინაციის ტუარეგმა წევრებმა და ისლამისტებმა კსკ ვაგნერის ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს. თავდასხმის შედეგების კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა.
კადრებში ჩანს ათეულობით მოკლული ვაგნერელი და მათი განადგურებული კოლონა. გავრცელებულ ვიდეოებში ტუარეგები გვამებს ძარცვავენ და ისლამისტურ დროშას შლიან. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს აზავადის მოძრაობის დროშაც. ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხების მტკიცებით, თავდასხმა სწორედ ტუარეგებისა და არაბი ისლამისტების კოოპერაციით შედგა.
ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხების შეფასებით, მოკლულია 23-მდე სამხედრო. მათივე ცნობით, 2-5 მებრძოლი ტყვედ აიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ვაგნერელების ბაზიდან ალყაში მოქცეული კოლონის დროული დახმარება ვერ შეძლეს.
თავდაპირველად ვაგნერთან დაკავშირებულ არხებზე წერდნენ, რომ მოკლულთა შორის იყო ერთ-ერთი მეთაური, ანტონ ელიზაროვი, ზედმეტსახელად ლოტოსი, თუმცა შემდეგ ეს ცნობა უარყვეს. თუმცა, როგორც გავრცელებულ ვიდეობში ჩანს, მოკლულია ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხის, GREY ZONE-ის ადმინისტრატორი.
ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე დაიწერა, რომ მეთაური ლოტოსი ტყვედ იყო აყვანილი და ის უკვე გაცვალეს და გაათავისუფლეს.
ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ არხების ცნობით, ჩასაფრებაში მოყვნენ არამხოლოდ ვაგნერის ჯგუფის წევრები, არამედ აფრიკული კორპუსის წარმომადგენლებიც. აფრიკული კორპუსი არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი დანაყოფი, რომელიც აფრიკაში მოქმედებს. მისი წევრების უმეტესობა ყოფილი ვაგნერელები არიან.