ვაგნერის ჯგუფი

"დანაყოფის მეთაური დაიღუპა" – კსკ ვაგნერი მალიში მომხდარი ჩასაფრების დეტალებს ავრცელებს

ვაგნერელები მალიში, 2024 წლის ივლისი
GREY ZONE

ვაგნერის ჯგუფმა მალიში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ტექსტში საუბარია ჩასაფრებისა და შეტაკების დეტალებზე.

ვაგნერის ჯგუფის განცხადებაში წერია, რომ მძიმე შეტაკებები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ტინზაუტინის კომუნის მახლობლად 22-დან 27 ივლისამდე გრძელდებოდა. განცხადების მიხედვით, ბრძოლაში მონაწილეობდა კსკ ვაგნერის მე-13 მოიერიშე ბრიგადა და მალის შეიარაღებული ძალების სამხედროები. დანაყოფს მეთაურობდა სერგეი შევჩენკო, ზედმეტსახელად "პრუდი". შესაბამისად, განცხადებაში უარყოფილია აქამდე გავრცელებული ცნობა, თითქოს ჩასაფრებაში ვაგნერის მეთაური, ანტონ ელიზაროვი, ზედმეტსახელად ლოტოსი მოხვდა. 

ვაგნერის ცნობით, მათ მოწინააღმდეგეს ტუარეგი სეპარატისტების გაერთიანება, აზავადის მოძრაობის კოორდინაციისა (CMA) და ალ-კაიდის საჰელის განშტოების (ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინ) წევრების ალიანსი წარმოადგენდა.

განცხადებაში ირწმუნებიან, რომ პირველ დღეს "პრუდის" ჯგუფმა მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი გაანადგურა, დანარჩენები კი გაიქცნენ, თუმცა, ქვიშის ქარიშხლის გამო, მათ გადაჯგუფება შეძლეს და რაოდენობა 1000 კაცამდე გაზარდეს. ამ მიზეზით, ვაგნერის მტკიცებით, კსკ-ს სარდლობამ საბრძოლო მოქმედებების რაიონში მე-13 მოიერიშე ბრიგადის დასახმარებლად დამატებითი ძალების გაგზავნა გადაწყვიტა.

განცხადების მიხედვით, ტუარეგებისა და არაბების შეიარაღებულმა ჯგუფებმა თავდასხმები 25 ივლის განაახლეს, თუმცა ვაგნერელებმა და მალის სამხედროებმა იერიში მოიგერიეს. ვაგნერი ირწმუნება, რომ მომდევნო 2 დღეში მოწინააღმდეგემ მასობრივი თავდასხმების რაოდენობა გააორმაგა, რისთვისაც დრონებსა და ე.წ. "შაჰიდმობილებს" (ასაფეთქებელი მასალით სავსე მანქანა) იყენებდნენ, რამაც კსკ-სა და მალის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების სიკვდილი გამოიწვია.

როგორც კსკ ვაგნერის ტელეგრამ-არხზეა ნათქვამი, "პრუდის" ჯგუფი მათ ბოლოს 27 ივლისს, ადგილობრივი დროით 17:10-ზე დაუკავშირდა და შეატყობინეს, რომ მხოლოდ ორნი იყვნენ დარჩენილი და ბრძოლას აგრძელებდნენ. სერგეი შევჩენკო შეტაკების დროს მოკვდა.

პარალელურად, რუსი დაქირავებული სამხედროების კოორდინაციისთვის შექმნილ "საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ოფიცერთა თანამეგობრობის" (СОМБ) დირექტორი, ალექსანდრ ივანოვი ირწმუნება, რომ თავდამსხმელებს კოორდინაცია დასავლურმა ძალებმა გაუწიეს.

გასულ დღეებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მალიში დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ. კადრებში ჩანდა მათი განადგურებული საბრძოლო ტექნიკა, ფიგურირებდა ისლამისტი ჯიჰადისტებისა და აზავადის მოძრაობის დროშები. შეიარაღებული ტუარეგები და არაბები დახოცილ რუს დაქირავებულ სამხედროებს ძარცვავდნენ და მათ ფონზე პოზირებდნენ. მოკლულთა შორის არის ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი GREY ZONE-ის ადმინისტრატორი, ნიკიტა ფედიანინი, ზედმეტსახელად "თეთრი".

თავდაპირველად ვაგნერთან დაკავშირებულ არხებზე წერდნენ, რომ მოკლულთა შორის  იყო ერთ-ერთი მეთაური, ანტონ ელიზაროვი, ზედმეტსახელად ლოტოსი, თუმცა შემდეგ ეს ცნობა უარყვეს. შემდეგ გავრცელდა ცნობა მისი ტყვედ ჩავარდნის შესახებ, რაც მალე ასევე უარყვეს.

ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ არხების ცნობით, ჩასაფრებაში მოყვნენ არამხოლოდ ვაგნერის ჯგუფის წევრები, არამედ აფრიკული კორპუსის წარმომადგენლებიც. აფრიკული კორპუსი არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი დანაყოფი, რომელიც აფრიკაში მოქმედებს. მისი წევრების უმეტესობა ყოფილი ვაგნერელები არიან. 

 

კომენტარები