არჩევნები 2024

სტრატეგია აღმაშენებელი ქართულ ქარტიას შეუერთდა

პარტია სტრატეგია აღმაშენებელი ქართულ ქარტიას შეუერთდა. ქარტიაზე ხელი პარტიის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ მოაწერა. 

"მე დღეს ხელი მოვაწერე ქართულ ქარტიას, რომელიც არის წინაპირობა, რომ ერთი კაცის, ერთი პარტიის, რუსული რეჟიმის მმართველობა დასრულდეს. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება. არ ყოფილა შემთხვევა, როცა ქართველებმა შევძელით ერთიანობა და მიზანს ვერ მივაღწიეთ. არ ყოფილა ისტორიულად, რომ ქართველები ერთად დავდექით და ვერ გავიმარჯვეთ. ამ რწმენით მოვედი სტრატეგია აღმაშენებლის სახელით და მოვაწერე ხელი ქარტიას.

ქართული ოცნება დაუპირისპირდა არა რომელიმე პარტიას ან რომელიმე ლიდერს; ქართული ოცნება, ანუ რუსული კოშმარი, სინამდვილეში, დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და ქართველმა ხალხმა მათ უკვე გამოუტანა საბოლოო განაჩენი. ამას ისინი გრძნობენ. როგორც ჭაობში ჩაფლული ხელებს იქნევს ხოლმე და უფრო ეფლობა, ზუსტად ასეა ბიძინა ივანიშვილი. რაც მეტს იძალადებს, რაც მეტს იფორთხიალებს, უფრო მალე დასრულდება მისი რეჟიმი". - თქვა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან ქარტიაზე ხელის მოწერის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. ამასთანავე, ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნული შეთანხმება საერთო სიას ან რაიმე ფორმის პოლიტიკურ გაერთიანებას არ ითვალისწინებს.

სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს აწერენ პარტიები: ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, ლელო, რესპუბლიკური პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. როგორც ცნობილია, ქარტიას არ შეუერთდებიან გირჩი და გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის.

კომენტარები