გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის პრეზიდენტის ქართულ ქარტიას არ უერთდება - აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გაავრცელა
ლილუაშვილის თქმით, პარტია საქართველოსთვის მხარს უჭერს და სრულად უერთდება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ქართული ქარტიით გათვალისწინებულ რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე, თუმცა ქარტიის დოკუმენტით გათვალისწინებულ რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ნაწილზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
"გვსურს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამ რთულ დროს ღირსეულად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ, პარტია გახარია საქართველოსთვის სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ქართული ქარტიით გათვალისწინებული რეფორმევის ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალადებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე
რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის.
რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარდგენილ დოკუმენტს ხელს". - თქვა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.





