თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

"კომუნიკაცია გაგრძელდება" – სარჯველაძე რესპუბლიკურის მედპერსონალს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თავის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება.

"შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაქსიმალურად დაბალანსებულად იქნება გათვალისწინებული როგორც საზოგადოებრივი, ისე - მედპერსონალის ინტერესები". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტთან და ექიმებთან ერთად, კლინიკასთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და იქ არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო.

სარჯველაძის თქმით, ყველას ამოცანაა, რომ პაციენტების ინტერესებთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალიც უფლებებიც დაცული იყოს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თებერვლის ბოლოს თქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება და უახლოეს თვეებში, მთავრობა საავადმყოფოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს.


თბილისის რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის საჭიროება განსახილველ საკითხად გასულ წელს იქცა. 2023 წლის 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს. თანამშრომლები წერდნენ, რომ მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნა, რომ მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას უახლოეს მომავლში წარადგენდა და კლინიკის არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და კუთვნილი ხელფასის გარეშე არ დარჩებოდა.

მიმდინარე წლის 22 იანვარს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დემონტაჟისა და მის ბაზაზე ახალი მრავალპროფილური კლინიკის მოწყობის გადაწყვეტილების შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს თანამშრომლებს შეთავაზებების პაკეტიც წარუდგინა.

დემონტაჟის გადაწყვეტილებას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რამდენიმე კვირა აპროტესტებდა.

19 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია, თუმცა მათივე ცნობით, თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი უარს აცხადებდა კონსულტაციასა და შეხვედრაზე.

კომენტარები