თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

კობახიძე რესპუბლიკურზე: დაწყებული პროცესი გაჩერდება, ვიმუშავებთ ალტერნატიულ პროექტზე

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან გუშინ, 23 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება და მთავრობა საავადმყოფოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს.

"ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ექიმების მოსაზრებები, ამის შემდეგ გვქონდა კონსულტაციები ჯანდაცვის მინისტრთან, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება - უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე.

ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც თავის დროზე, თუ არ ვცდები, 2007 წელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი". - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ექიმებისა და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერის პროცესი შეჩერდება, უახლოესი თვეების განმავლობაში წინადადებები მომზადდება და შემდეგ განისაზღვრება, როგორ გაგრძელდება პროცესი.


თბილისის რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის საჭიროება განსახილველ საკითხად გასულ წელს იქცა. 2023 წლის 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს. თანამშრომლები წერდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას უახლოეს მომავლში წარადგენდა და კლინიკის არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და კუთვნილი ხელფასის გარეშე არ დარჩებოდა.

მიმდინარე წლის 22 იანვარს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დემონტაჟისა და მის ბაზაზე ახალი მრავალპროფილური კლინიკის მოწყობის გადაწყვეტილების შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს თანამშრომლებს შეთავაზებების პაკეტიც წარუდგინა.

დემონტაჟის გადაწყვეტილებას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რამდენიმე კვირაა აპროტესტებს.

19 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია, თუმცა მათივე ცნობით, თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი უარს აცხადებდა კონსულტაციასა და შეხვედრაზე.

კომენტარები