თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება

ირაკლი ღარიბაშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე კი ახალი საავადმყოფო აშენდება.

"სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო". - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის დაზუსტებით, კლინიკის არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და კუთვნილი ხელფასის გარეშე არ დარჩება და ამ საკითხს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს მეთვალყურეობას.

"პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით". - თქვა ღარიბაშვილმა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს დღეს (22 იანვარი) შეხვდებიან და მათ დასაქმების შესახებ სხვადასხვა შეთავაზებასა და სპეციალურ ანაზღაურების პაკეტს გააცნობენ.

"მათ დღეს უკვე ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს. აქ არის სხვადასხვა შეთავაზება, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში, ან დასაქმებას მინიმუმ იგივე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და აქაც 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას, ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, რომ დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ჩვენ ბოლო სამი თვის საშუალოს შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობას, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზებული პირობები არის საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტო და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ". - ამბობს აზარაშვილი.

აზარაშვილისვე თქმით, პროექტის ბიუჯეტი - შენობის აშენების, რემონტისა და აღჭურვის ჩათვლით, დაახლოებით 200 მილიონი ლარია.


თბილისის რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის საჭიროება განსახილველ საკითხად გასულ წელს იქცა. 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს. თანამშრომლები წერდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნა, რომ ზურამ აზარაშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას უახლოეს მომავლში წარადგენდა და კლინიკის არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და კუთვნილი ხელფასის გარეშე არ დარჩებოდა.

კომენტარები