ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი "უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით და ღირსეული კომპენსაციით". დღეს, 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობის დემონტაჟი მოხდება, მის ბაზაზე კი, ახალი მრავალპროფილური კლინიკა მოეწყობა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:
- ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასს გადაუხდიან.
- თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით 4 თვის ხელფასს მიიღებს.
- სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს იტყვის, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამედიცინო კლინიკაში იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
- სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.
"აღნიშნულ საკომპენსაციო პაკეტს, ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელს შესთავაზებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა" - აცხადებს სამინისტრო.
თბილისის რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის საჭიროება განსახილველ საკითხად გასულ წელს იქცა. 2023 წლის 21 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილი მისწერეს. თანამშრომლები წერდნენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა და მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით შეცვლა დააანონსა.
ირაკლი ღარიბაშვილმა წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილი მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას უახლოეს მომავლში წარადგენდა და კლინიკის არცერთი თანამშრომელი სამსახურისა და კუთვნილი ხელფასის გარეშე არ დარჩებოდა.