რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის არმიის მეთაური: მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ რუსეთთან მასშტაბური ომისთვის

დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაური, გენერალი სერ პატრიკ სანდერსი

დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაური, გენერალი სერ პატრიკ სანდერსი მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსეთთან მასშტაბური ომისთვის. მისი თქმით, ბრიტანეთმა უნდა გაწვრთნას "სამოქალაქო არმია", რომელიც მომავალში ომისთვის მზად იქნება. ამის შესახებ მან ლონდონში ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

გენერალმა სანდერსმა რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობა საომრად უნდა მოამზადოს. მისი თქმით,  მხოლოდ სარეზერვო ძალების რაოდენობრივი ზრდა "საკმარისი არ იქნება".

ამასთან, გენერალმა ხელისუფლებას მოუწოდა მეტი გააკეთოს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ეკიპირებისა და მოდერნიზებისთვის.

სანდერსის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში მხოლოდ ტერიტორიის დაპყრობას არ ემსახურება და ომის მიზანი ევროპული სისტემის და ცხოვრების წესის დამარცხებაა.

ამავდროულად, გენერალმა გააკრიტიკა უკანასკნელ წლებში არმიის რაოდენობრივი შემცირება და აღნიშნა, რომ რაოდენობა უახლოეს წლებში საგრძნობლად უნდა გაიზარდოს.

"მომდევნო 3 წელიწადში, საუბარი უნდა იყოს ბრიტანეთის არმიის შემადგენლობის 120 000-მდე გაზრდაზე, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მეტი უნდა გაკეთდეს არმიის ეკიპირებისა და მოდერნიზაციისთვის. ჩვენ არ ვიქნებით დაზღვეულები და როგორც ომამდელი თაობა, ჩვენ ანალოგიურად უნდა მოვემზადოთ და ეს უნდა იყოს მთელი ერის წამოწყება. უკრაინა სასტიკად ასახავს იმას, რომ რეგულარული არმიები ომს იწყებენ, სამოქალაქო არმიები კი [ომს] იგებენ. თუმცა, ასეთ მდგომარეობაში ადრეც ვყოფილვართ და ვიცით, რომ მხოლოდ სამუშაო ძალა შესაძლებლობებს არ ქმნის". - თქვა სანდერსმა.

ამასთან, სერ პატრიკ სანდერსმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ სამოქალაქო მობილიზაციის ისეთი დონისთვის, რომელიც დასავლეთ ევროპაში 1945 წლიდან აღარ ყოფილა.

კომენტარები