ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ევროკავშირის მომავლისა და გაფართოების შესახებ ისაუბრა.
სანჩესის თქმით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის დროს, ესპანეთმა გაფართოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი დაძრა.
"ესპანეთის პრეზიდენტობის დროს ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინასთან, მოლდოვასთან, დასავლეთ ბალკანეთთან. ეს გაფართოება მოითხოვს და საჭიროებს ჩვენი ინსტიტუტისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმას, გადაწყვეტილების ერთხმად მიღებიდან ხმათა უმრავლესობაზე გადასვლას, თუმცა, ეს მხოლოდ ინსტრუმენტებია. ყველაზე მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ცვლილება, რომლის მოწმეც უახლოეს წლებში გავხდებით. ვფიქრობ, ეს კარგია და ასევე მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარებას დაასტაბილურებს .
პოზიტიური წინათგრძნობა მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება ევროპაში უახლოეს წლებში. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გადატანილი კრიზისისგან – პანდემიისგან და უკრაინაში ომისგან. ახლა კი გავხდებით მომსწრე უფრო ფედერალური და უფრო ინტეგრირებული ევროკავშირისა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, ასევე უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს". - თქვა სანჩესმა.