გამოცემა POLITICO ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია ამზადებს გეგმას, რომლის მიხედვითაც კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებამდე მიიღებენ ეკონომიკურ შეღავათებს, რადგან მთავრობები ცდილობენ აასწრაფონ გაფართოება გაწევრიანების ბარიერის დაწევის გარეშე.
წყაროების თქმით, ეს წინადადება კომისიის "ეტაპობრივი ინტეგრაციისკენ" სწრაფვის ნაწილია, რაც მოიაზრებს კანდიდატებისთვის ევროკავშირში უფრო ფართო წვდომის მინიჭებას რეფორმების შესრულების პარალელურად, სანამ მათი წევრობის განაცხადები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
POLITICO-ს ინფორმაციით, შესაძლო შეღავათები, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში განიხილება, მოიცავს ევროკავშირის ზოგიერთ დაფინანსების პროგრამაზე წვდომას, შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებებს და ერთიან ბაზარზე ნაწილობრივი წვდომას გაწევრიანებამდე, თუმცა ზუსტი პირობები თითოეულ ქვეყანაზე იქნება მორგებული. მიზანია კანდიდატი ქვეყნების სწორ გზაზე შენარჩუნება, მათთვის პოლიტიკურად რთული რეფორმების გატარების სტიმულის მიცემით, მაშინაც კი, თუ სრულუფლებიან წევრობამდე წლებია დარჩენილი.
"უკუგაფართოების" ადრეული იდეებისგან განსხვავებით, რომელიც ქვეყნებს პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებდა გაწევრიანების პროცესის დასრულებამდე (გეგმა, რომელიც წევრმა ქვეყნებმა უარყვეს), ეტაპობრივი ინტეგრაცია წევრების მსგავს ეკონომიკურ სარგებელს შესთავაზებს ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე, სანამ ისინი მზად არ ჩაითვლებიან.
გამოცემის ცნობით, წინადადებას უკვე უფრო მეტი პოლიტიკური იმპულსი აქვს, ვიდრე ადრეულ გეგმებს. საფრანგეთმა და გერმანიამ ადრეც დაუჭირეს მხარი მსგავს "შემსუბუქებული წევრობის" იდეებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გაწევრიანების ხანგრძლივი ვადები აქვთ და მაღალჩინოსნები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რომ ეს მიდგომა წევრი ქვეყნებისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდება, ვიდრე წინა სქემები.
კომისია ინიციატივისთვის მხარდაჭერას ევროკავშირის ქვეყნებისგან მოიძიებს. გამოცემასთან საუბრისას მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს იმედი, რომ ლიდერები ოქტომბერში ან დეკემბერში დაგეგმილ ევროპულ საბჭოზე უფრო ფართო ჩარჩოზე მუშაობას მხარს დაუჭერენ.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, გეგმების თანახმად, შეღავათებზე წვდომა თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად გაიცემა იმის მიხედვით, თუ რამდენად ემორჩილება თითოეული ქვეყანა ევროკავშირის წესებს და რამდენი რეფორმა ჩაატარა. ეს მნიშვნელოვანი გადახვევა იქნება ამჟამინდელი სისტემიდან, რომლის მიხედვითაც შეღავათების უმეტესობა მხოლოდ სრულუფლებიანი წევრებისთვისაა განკუთვნილი.
პროგრამის აზრი მას შემდეგ დაიბადა, რაც მთავრობები ძირითადად შეთანხმდნენ, რომ გაფართოება უფრო სწრაფად უნდა წარიმართოს, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით, თუმცა კვლავ ფრთხილობენ ქვეყნების სრულად მომზადებამდე მიღებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ბრიუსელი ცდილობს პროცესის დაჩქარებას და ამავდროულად, უფრო ძლიერი დამცავი მექანიზმების შემოღებას სკეპტიკურად განწყობილი წევრების დასამშვიდებლად.
ეს მიდგომა ასევე შექმნილია იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა - რომლის გაწევრიანებასაც, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მიუხედავად სრულად ჩაერთონ პროცესში სწრაფი წევრობის დაპირების გარეშე.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ქვეყნებს რეფორმების ჩატარებისას მოუწევთ შეღავათებზე წვდომის "გაზრდა," რაც ხელს შეუწყობს იმ მთავრობების დარწმუნებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან წევრობის შეღავათების არაწევრებისთვის გავრცელებას.
22 ივნისს მოლდოვას მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ, კომისიამ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს როგორც ქვეყნის გაწევრიანებას, ასევე "მოლდოვას ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის გაღრმავებას." მოლდოვას უკვე შესთავაზეს წვდომა ერთიან ევროგადახდების სივრცეზე, ევროკავშირის მობილური როუმინგის შეთანხმებებსა და კულტურული მხარდაჭერის პროგრამებზე.




