დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, მომავალ კვირას აშშ-ს სენატი უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარებას უყრის კენჭს, პარალელურად კი მოლაპარაკებები გრძელდება აშშ-ს საზღვრის უსაფრთხოების პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ, რომელიც დამატებით დაფინანსებას საჭიროებს.
კენჭისყრის გასამართად სენატმა გადადო თავისი სადღესასწაულო შესვენება, რომელიც პარასკევს, 15 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო და ორშაბათს შეიკრიბება.
"ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენს წარმატებაზე. ვიცით, რომ მსოფლიო გვიყურებს". - თქვა შუმერმა.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი დამატებითი დახმარების პაკეტში უკრაინისთვის $50 მილიარდია გამოყოფილი, ისრაელისთვის კი $14 მილიარდი. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა, ისევე, როგორც სენატის უმცირესობაში მყოფმა რესპუბლიკელებმა არაერთხელ თქვეს, რომ ახალი დახმარების გამოყოფას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ ის მიბმული იქნება აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის ახალი მექანიზმის შემოღებასთან.
"ჩვენ პროგრესს ვაღწევთ და თეთრი სახლიც ჩართულია, რაც კარგია. ყველაფერი იმედის მომცემია". - თქვა სენატორმა ჯონ თუნმა, რიგით მეორე რესპუბლიკელმა სენატში და დასძინა, რომ "ახლა, ისინი ჯერ კიდევ კონცეფციაზე საუბრობენ".
სენატში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც, კანონპროექტი მიღებამდე წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს. პალატაში კი სადღესასწაულო შესვენება უკვე გამოცხადდა და კონგრესმენებმა 14 დეკემბერს ვაშინგტონიც დატოვეს.
აშშ-ს სენატმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავს 6 დეკემბერს დაბლოკა.