რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუმინეთში რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის დრონი ჩამოვარდა

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის დრონი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონი ერთ-ერთია 14 დეკემბრის ღამეს ოკუპანტების მიერ ოდესის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატებიდან.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის დროს რუმინეთი სასაზღვრო ზონიდან ვითარებას აკვირდებოდა და შესაძლო ზიანის თავიდან ასაცილებლად საჰაერო კონტროლი გააძლიერა. ეროვნულ საჰაერო სივრცეს აკონტროლებდა 86-ე საავიაციო ბაზიდან აფრენილი F-16 გამანადგურებელი და 57-ე საჰაერო ბაზიდან აფრენილი გერმანიის საჰაერო ძალების კუთვნილი Eurofighter Typhoon-ი.

"ამ სიტუაციაში, რუმინეთის შეიარაღებული ძალების სათვალთვალო რადარმა ერთ-ერთ მარშრუტზე დაბალი სიგნალის ჩაწერით ტულჩინის ოლქის გრინდუს რაიონში ეროვნული საჰაერო სივრცის პოტენციურ არასანქცირებულ დარღვევაზე მიუთითა". - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აქვე მითითებულია, რომ რუმინეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შერეული ჯგუფები ტერიტორიის შესამოწმებლად წავიდნენ და უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის დროს გაშვებული ერთ-ერთი რუსული დრონის მიერ დატოვებული 1.5 მეტრის სიღრმის კრატერი აღმოაჩინეს.

"ეროვნული თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მიერ დუნაიზე უკრაინულ პორტებში ცალკეულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ელემენტებზე თავდასხმებს მკაცრად გმობს. ეს თავდასხმები გაუმართლებელია და მნიშვნელოვნად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს". - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

NATO-ს წევრ რუმინეთში რუსული დრონების ნამსხვრევები 4 და 9 სექტემბერსაც იპოვეს.

კომენტარები