ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 79% ემხრობა, 11% წინააღმდეგია, ხოლო 8%-ს არ აქვს პასუხი.
ამასთან ერთად, ორგანიზაციის ცნობით, ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარებული კვლევით, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევენ.
NDI-ის კვლევის თანახმად, NATO-ში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 67% უჭერს. მხარდაჭერა მოსახლეობაში კვლავ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ წინა კვლევებთან შედარებით, აღნიშნულია მცირედი ვარდნა.
კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.