რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუს ჯარისკაცს ვოლნოვახაში 9 მცხოვრების, მათ შორის, 2 ბავშვის მკვლელობაში ადანაშაულებენ

ვოლნოვახში 27 ოქტომბერს მოკლული ოჯახის წევრები
ASTRA

Українська правда-ს ცნობით, ოკუპირებულ ვოლნოვახაში რუსეთის ე.წ. "სამართალდამცავმა ორგანოებმა" კერძო სახლში ცხრა მცხოვრების ნატყვიარი ცხედარი იპოვეს. 

გამოცემა ტელეგრამის არხ ASTRA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივების თქმით, მკვლელობაში დამნაშავე რუსი ჯარისკაცია.

მოკლულთა შორის იყო ოთხსულიანი ოჯახი, მათ შორის, ორი ბავშვი და ხუთი სხვა ადამიანი. დაღუპულთა ნათესავებმა თქვეს, რომ ისინი 27 ოქტომბერს, ოჯახის ერთ-ერთი წევრის დაბადების დღეზე მოკლეს.

"მკვლელობა რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცმა ჩაიდინა. მას ნატაშას ქმართან რაღაც დავა ჰქონდა. დაუყოვნებლივ ვიღაც მაღალჩინოსანი ოფიცრები მოვიდნენ და ყველაფრის გადაფარვა დაიწყეს. მეზობლებს უთხრეს, რომ ხმა არ ამოეღოთ". – თქვა ოჯახის ნაცნობმა.

ჟურნალისტ დენის კაზანსკის თქმით, მოკლულთაგან ერთ-ერთი მამაკაცი კადიროველებს შეეკამათა, რადგან მისთვის სახლის წართმევა უნდოდათ. ამიტომ, ჯარისკაცები დაბადების დღის წვეულებაზე მივიდნენ და ყველას დახოცვით შური იძიეს. 

კომენტარები