ქართული ოცნება

სარჯველაძე ნაკაიძეზე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ეკლესიას პატივისცემით არ ეპყრობოდეს

ქართული ოცნების წევრი, მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. სარჯველაძის თქმით, არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას პატივისცემით არ მოეპყრან.

"არ მინდა, უპასუხოდ დარჩეს ის, რაც ჩვენი ერთ-ერთი კოლეგისგან მოვისმინეთ - რომელიც, ძალიან ცუდი მცდელობა იყო, რაღაც ფორმით გააგრძელოს საკუთარი მცდელობა, შთაბეჭდილება შექმნას, რომ თითქოს, საქართველოში რომელიმე მოქალაქეს ვინმე უპირებს, რომ ისეთი განცდა გაუჩინოს, თითქოს, ის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა. ეს კატეგორიულად მიუღებელ რამ, პროვოკაციაა. არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქეს თავი მეორეხარისხოვნად აგრძნობინოს. ასეთი რამ გამორიცხულია. 

ჩვენი დიდი პატივისცემა და მოწიწება თითოეულ მოქალაქეს, მათი აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. კატეგორიულად მიუღებელია დღეს იმაზე საუბარი, რომ თითქოს, ჩვენს ქვეყანაში ვინმე, რომელიმე კონფესია ან ეთნიკური ჯგუფი მეორეხარისხოვნად არის ცნობილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის მივცემთ უფლებას, რომ პატივისცემით არ უყურებდეს და ეპყრობოდეს იმას, რაც საქართველოს ისტორიისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და ქართული, ეროვნული სახელმწიფოს ფუნდამენტია - ეს არის ეკლესია. ყველასგან ვითხოვთ, რომ ის მოიხსენიოს არა როგორც რაღაც ინსტიტუცია, არამედ, ზუსტად იმ პატივით მოიხსენიოს, როგორც მას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია ეპყრობა". - თქვა სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ტარიელ ნაკაიძემ საკანონმდებლო ორგანოში რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნაკაიძემ თქვა, რომ თავდაცვის ახალ კოდექსში კონფესიებს შორის თანასწორობის პრინციპი დარღვეულია და დისკრიმინაციული მიდგომაა.

"მაშინ, როცა ქვეყანაში რთულია, იმსჯელო და ილაპარაკო იმაზე, უფლებები სად ირღვევა და ეს ვერ დაინახოს იმ ადამიანმა, რომელსაც ევალება, იმ კომიტეტს წარმოადგენდეს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება და ის ყოველთვის ცდილობდეს, რომ ეს გადაფაროს, რაღაც სხვა მომენტში შეიყვანოს, ან მხოლოდ რაღაც დამრიგებლურ ჭკუაზე იყოს, რომ - თურმე, ვიღაცამ პატივი უნდა სცეს რაღაც ინსტიტუტს იმის გამო, რომ წვლილი აქვს და შესაბამისად, ამის გამო, დისკრიმინაციული კანონები უნდა მივიღოთ, ეს არასწორია [...] მე მინდა, ამ ქვეყანაში ადამიანმა არ იგრძნოს, რომ მეორეხარისხოვანი და დაჩაგრულია იმის გამო,რომ უმრავლესობას რაღაც თავისი მიზნები აქვს". - თქვა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები