ივანიშვილის დეპუტატი, ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ 9 ივნისს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა. წილოსანის თქმით, მათ ვერავინ "დააბულინგებს", რომ ივანიშვილის შექება მოერიდოთ.
"ირაკლი კობახიძის ბრიფინგმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თქვენი მხრიდან არავინ დაბულინგდება, ვერავის დააბულინგებთ, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის შექება, შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა მოგვერიდოს. წლები იყო, როცა თქვენ ახერხებდით და ადამიანებს რაღაც კუთხით ასირცხვილებდით, რომ ბიძინა ივანიშვილი შეექოთ". - უთხრა ჟურნალისტებს ივანიშვილის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ბიძინა ივანიშვილზე საუბრის დროს.
9 ივნისს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, რომელიც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქებას მიუძღვნა.
კობახიძემ ივანიშვილს კიდევ ერთხელ უწოდა "პოლიტიკის გროსმეისტერი". მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური წონა "გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს" ეფუძნება. კობახიძე ამბობს, რომ "ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო".




