ქართული ოცნება

შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ალიანსის განცხადებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ გზავნილებს, "რომელიც არა ჩვენი ქვეყნის და ხალხის, არამედ გარე პოლიტიკურ დღისწესრიგს ემსახურება". 

პაპუაშვილის თქმით, შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ რუსეთის და ირანის მოკავშირე სახელმწიფოდ რეგიონში, რაც პაპუაშვილის მტკიცებით, "ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი". 

პაპუაშვილმა მოუწოდა საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება.

"ბოლო პერიოდში გახშირდა რადიკალური ანტიქართული ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება. საზოგადოებამ მორიგი ასეთი განცხადება გუშინ რადიკალური ოპოზიციური ალიანსისგან მოისმინა. ჩვენ ვნახეთ როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ს გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორ ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას, თითქოს საქართველოს ამოცანა არა ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ აშშ-ს ინტერესების მომსახურება უნდა იყოს. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. 

ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება. ეს ფუნდამენტური პრინციპია, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებ ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით. 

სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე კონკურენცია გასცდეს დემოკრატიული ბრძოლის ჩარჩოებს და გადაიქცეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის და ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად. 

[...] რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ავრცელებენ გზავნილებს, რომელიც არა  ჩვენი ქვეყნის და ხალხის, არამედ გარე პოლიტიკურ დღისწესრიგს ემსახურება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ როგორც რუსეთის და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. 

რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოს და რუსეთს შორის.

რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოსაც ვერ მივა იმ ურთიერთობის დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ.

შესაბამისად, ასეთი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნას და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად.

ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა. მაშინ, როცა სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს შემდეგით - თუ რამდენად ემსახურება ის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

კატეგორიულად მიუღებელია, როცა ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლებებად გვევლინებიან. უცხო ძალების წარმომავლობას მნიშნვლეობა არ აქვს. დაუშვებელია, რომ ვინმემ, თუნდაც მეგობარი აშშ-ს ინტერესების სახელით, საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს. სამწუხაროდ, სწორედ ამგვარ ქმედებებს ვხედავთ რადიკალური ოპოზიციისგან.

[...] მოვუწოდებ საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება.

ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ემსახურება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორეს ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას - ეს არის სუვერენიტეტის არსი". - თქვა პაპუაშვილმა.

9 ივნისს ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

განცხადებები გიგი წერეთელმა, გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთეს.

  

კომენტარები