რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ყოფილ ვაგნერელებს რუსული კსკ Redut-ი დაიქირავებს

ვაგნერის მებრძოლები რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, სამხედრო ოლქის შტაბ-ბინასთან განლაგებისას სურათს იღებენ, 2023 წლის 24 ივნისი.
Reuters

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია Redut-ი ყოფილ ვაგნერელებს კონტრაქტს გაუფორმებს.

დაზვერვის განცხადებაში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, რედუტს რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური ГРУ  აფინანსებს და ზედამხედველობს, ამასთანავე რუსეთ-უკრაინის ომში "მოხალისეთა" ჩართვა მოსკოვს თავიდან აარიდებს ახალი მობილიზაციის დაწყებას. რედუტის წევრებს მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსეთ-უკრაინის ომში დონეცკის ხარკოვის, კიევისა და ლუგანსკის ოლქების ბრძოლებში. 

რედუტი 2008 წელს პუტინთან დაკავშირებულმა, КГБ-ს ყოფილმა აგენტმა, გენადი ტიმჩენკომ, საკუთარი გაზის იმპერიის დაცვისთვის შექმნა, Daily Telegraph-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსეთის არმიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ვაგნერის ოპერატიული ჯგუფის ყოფილმა წევრმა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს წინა თვეში მიაწოდა.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, დაჯგუფებაში 7 ათას წევრზე მეტი ირიცხება და მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ევგენი პრიგოჟინის მიერ ივნისში ამბოხის მცდელობის შემდეგ, რის შემდეგაც ორ თვეში პრიგოჟინის თვითმფრინავი მოსკოვის ჩრდილოეთით ჩამოვარდა, რასაც მისი და ვაგნერის სამხედრო მეთაურის, დმიტრი უტკინის სიკვდილი მოჰყვა. 

კსკ ვაგნერი აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინასა და სირიაში, ისინი ასევე იყვნენ ჩართულები რუსეთის ინტერესების დაცვაში აფრიკაში. პუტინის განცხადებით ვაგნერმა მხოლოდ წინა წელს კრემლისგან 1 მილიარდი დოლარის ღირებულების დაფინანსება მიიღო. 

გასული თვის ბოლოს კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ ვლადიმირ პუტინი ვაგნერის ერთ-ერთ ყოფილ სამხედრო მეთაურს, ანდრეი ტროშევს შეხვდა და "მოხალისეობრივი ფორმირებების" საკითხი განიხილა.

აქამდე ტროშევი კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილი აჯანყების შემდეგ პუტინთან ვაგნერელების შეხვედრასაც ესწრებოდა. მაშინ პუტინი ამბობდა, რომ მოქირავნეებს საქმიანობის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის "მათ უშუალო მეთაურთან, ზედმეტსახელად სედოისთან" მუშაობა. სედოი ტროშევის ზედმეტსახელია. პუტინი ამბობდა, რომ ბევრი ვაგნერელი თანახმა იყო და თავს უქნევდა მის სიტყვებს, თუმცა პრიგოჟინმა თქვა: "ბიჭები არ ეთანხმებიან ასეთ გამოსავალს". 

ვინ არის ანდრეი ტროშევი, რომლითაც პუტინს ვაგნერში პრიგოჟინის ჩანაცვლება სურს

პარალელურად, პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ კსკ ვაგნერის გავლენები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთშიც ხელში ჩაიგდოს. როგორც ცნობილია ამ საქმიანობას ხელმძღვანელობს იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომელიც ევგენი პრიგოჟინმა 24 ივნისს როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის აღების დროს საჯაროდ დაამცირა. ამას გარდა, აფრიკაში ვაგნერის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ევგენი სიტიიც ცდილობს.

ვინ არის დმიტრი სიტიი, რომელიც აფრიკაში ვაგნერის ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს

კომენტარები