რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულ სამხედრო ხომალდთან ერთად ბუქსირიც დაზიანდა – უკრაინა

BLACK SEA FLEET

უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ პაველ დერჟავინთან ერთად რუსული ბუქსირიც დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერზე, დმიტრო პლეტენჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს

უკრაინული მხარის განმარტებით, რუსულ ხომალდზე იერიში ორჯერ მიიტანეს. 

"პაველ დერჟავინის გემის გარდა, 13 ოქტომბერს დაზიანდა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ბუქსირი პროფესორი ნიკოლაი მურუ". - თქვა პლეტენჩუკმა. 

გარდა ამისა, მას რაკეტების გადამზიდი მცირე ზომის რუსული ხომალდი Буян-ის დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. 

უკრაინის საზღვაო ძალები დამატებით დეტალებს ოპერაციის, ზარალისა და თავდასხმის შესახებ ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ. 

გუშინ, 13 ოქტომბერს Українська правда-ს სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის შედეგად, დაზიანდა 2 რუსული სამხედრო ხომალდი.

დაზიანებულია რაკეტების გადამზიდი მცირე ზომის ხომალდი Буян-ი და გემი პაველ დერჟავინი. უკრაინელებმა იერიში საშინაო წარმოების საზღვაო დრონებით მიიტანეს.

აქამდე ტელეგრამ-არხი Крымский ветер-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაზიანებული ხომალდი ჩანდა. 

გემი სავარაუდოდ მცირე ზომის Буян-М-ი იყო, რომელიც კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებადაც გამოიყენება.

კომენტარები