რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FIFA საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებების დაშვებას აპირებს – AP

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და FIFA-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო მოსკოვის დიდ თეატრში, 2018 წლის 14 ივლისი
Yuri Kadobnov/Pool Photo via AP, File

UEFA-ს შემდეგ საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებების დაშვებას FIFA-ც აპირებს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გამოცემის ცნობით, FIFA-ს საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ხელმძღვანელობს, ონლაინ შეხვედრას დღეს, 4 ოქტომბერს გამართავს.

AP-ის ანონიმური წყაროს ცნობით, შეხვედრაზე 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პოტენციური მასპინძლებისთვის შერჩევის წესების შემუშავებასთან ერთად, განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებების აკრძალვის გაუქმება იქნება.

FIFA-ს დაგეგმილი შეხვედრის დეტალები არ გაუვრცელებია. ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ მიღებულ  არც პრესკონფერენცია არ არის ჩანიშნული.

26 სექტემბერს რუსეთის 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვა UEFA-მაც. ნაკრებები არ ითამაშებენ რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე თამაშის დროს აკრძალული ექნებათ დროშის, ჰიმნის და ეროვნული ფორმის გამოყენება.

ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის შემდეგი ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარე თვეში დაიწყება. რუსეთის ნაკრებების მომავალმა მეტოქეებმა, მათ შორის პოლონეთმა, შვედეთმა და შვეიცარიამ, მათთან თამაშზე უკვე უარი თქვეს.

FIFA-მ და UEFA-მ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე რუსეთის ნაკრებების აკრძალვის გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის თებერვალში მიიღეს.

კომენტარები