ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანებას სრულად საქართველოს ბიუჯეტი დაფარავდა. კაკაურიძემ ამის შესახებ მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა,
"სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ - პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის, თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება." - თქვა კაკაურიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ თუ რომელიმე უნივერსიტეტი სტუდენტების დავალიანების დაფარვაში მონაწილეობას არ ისურვებს, ამას მათ ვერავინ აიძულებს. მისი განმარტებით, კერძო უნივერსიტეტებს სახელმწიფოს 20%-იანი მონაწილეობას შესთავაზეს და თანხმობის შემთხვევაში, მათ მოუწევთ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანების 80% ჩამოაწერონ.
"არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება“. - აღნიშნა კაკაურიძემ.
15 სექტემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდებოდათ.
პრემიერის ინფორმაციით, ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება. მან განათლების და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, დაუყოვნებლივ დაეწყოთ კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოეგვარებინათ საკითხი.
21 სექტემბერს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ სახელმწიფომ კერძო უნივერსიტეტებს არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება შესთავაზა, რასაც, მისივე განცხადებით, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა ყველა სასწავლო დაწესებულება დათანხმდა.